გიორგი გახარია - სოციალური დახმარების ეფექტურობა გადასახედია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, სოციალური დახმარების ეფექტურობა გადასახედია. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „სოციალური დახმარების შემდგომი განვითარების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ არ შექმნას უსამართლობის აღქმა, არ გახდეს უმუშევრობის მოტივატორი და ბენეფიციარებს უნდა მისცეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საშუალება.

„ბოლო წლების განმავლობაში სოციალური დახმარების ნაწილში სისტემური ცვლილებები მოხდა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გამოწვევები შეიცვალა. დღეს სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ და სოციალური დახმარების ეფექტურობა არის გადასახედი. ამისთვის სამინისტრო ამზადებს დეტალურ აუდიტს რა მდგომარეობაში ვართ დღეს. სად გვაქვს აცდენები, სად უფრო უკეთესად უნდა დავუმიზნოთ, რომ მიზნობრიობის ხარისხი გავზარდოთ“,- განაცხადა გახარიამ.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების პოლიტიკის კუთხით ბევრი ცვლილება განხორციელდა და „ვინც მეტად საჭიროებს ამ დახმარებას, ის მეტ დახმარებას იღებს“.

„გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვა ბენეფიტებით, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ კეთილდღეობაზე. ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება დასაქმება, პროფესიული გადამზადებები. ამ დროისთვის გადამზადებული გვყავს 1400 ბენეფიციარი; შემდეგ თვეში გაგრძელდება ეს პროგრამა და 1000 ბენეფიციარის გადამზადება მოხდება. რაც მნიშვნელოვანია, 900 ადამიანი არის დასაქმებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების შემთხევევაში 12 თვის მანძილზე ჩვენ ბენეფიციარებს არ უწყდებათ სოცილური დახმარება, გარდა ამისა, 24 თვის მანძილზე შეუნარჩუნდებათ ის ბენეფიტები, რომლითაც სარგებლობენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.