4 სექტორი, რომელშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ეკონომიკის იმ ოთხ სექტორს, რომელშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად არის შემცირებული.

ენერგეტიკა - მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ 63,7 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (დაზუსტებული მონაცემებით) ინვესტიციის მოცულობა - 102 მლნ დოლარი იყო;

მშენებლობა - თუ გასული წლის მე-2 კვარტალში დარგში 46,2 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მიმდნარე წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 4,2 მლნ დოლარს შეადგენდა;

უძრავი ქონება (ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა) - სექტორში 2019 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 22,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 63 მლნ დოლარი იყო.

ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სექტორში. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დარგში 19,9 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, გასული წლის ამავე პერიოდში - 74,6 მლნ დოლარი იყო.

თაია არდოტელი