„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნებს, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა:
ნიდერლანდები - 2019 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში ნიდერლანდებიდან 58,1 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც 17,7 მლნ დოლარით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით, ნიდერლანდებიდან 75,5 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
აზერბაიჯანი - პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 80%-იანი კლება დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 80,0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2019 წლის მე-2 კვარტლის წინასწარი მონაცემებით კი ინვესტიციებმა მხოლოდ 15,8 მლნ დოლარი შეადგინა.
ჩეხეთი - 2019 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ჩეხეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 66 მლნ დოლარით შემცირდა. კერძოდ, შარშან მეორე კვარტალში საქართველოში ჩეხეთიდან 80.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, წელს მეორე კვარტალში კი 14,8 მლნ დოლარის.