ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, პრობლემები და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პრობლემათა დასაძლევად მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია და პროექტების განხორციელება.
"მე მინდა, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები ვუსურვო. ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, პრობლემები და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა საჭირო. ასევე, სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ახსნა-განმარტებები, თუ რა კეთდება, რა არის რეალურად პრობლემები, რა პროექტები განხორციელდება. საბოლოოდ ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ოჯახსა და საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა," - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ იქნება ქვეყნის სათავესა და პარლამენტში.
"ქართული ოცნება" თუ რა უმრავლესობას მიიღებს, რა პროცენტს აიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე,"- განაცხადა კახა კალაძემ.