ჩინეთმა საკუთარი რეზერვები დეკემბრის შემდეგ დაახლოებით 100 ტონა ოქროთი შეავსო. მსოფლიოს მეორე უდიდესმა ეკონომიკამ ოქროს შესყიდვა სწორედ დეკემბერში განაახლა.
ჩინეთის სახალხო ბანკმა აგვისტოში ოქროს ზოდების რაოდენობა 62.45 მილიონ უნციამდე (1.77 მილიონ კილოგრამამდე) გაზარდა. შედარებისთვის, საცავში წინა თვეში ოქროს მოცულობა 62.26 მილიონი უნცია (1.765 მილიონი კილოგრამი) იყო. ტონებში აგვისტოს ნამატმა 5.91 ტონა, პირველ რვა თვეში კი 94 ტონა ოქრო შეადგინა.
ჩინეთმა საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ, განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ოქროზე აქცენტის გადატანას, აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომიც განაპირობებს. როგორც ავსტრალიის და ახალი ზელანდიის საბანკო ჯგუფი ვარაუდობს, ოქროს შესყიდვის ტრენდი უახლოეს წლებშიც გაგრძელდება.
ჩინეთი ადრე საკუთარი რეზერვების შესახებ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებდა. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში სახალხო ბანკმა ოქროს რეზერვების 53.3 მილიონ უნციამდე ზრდის შესახებ გამოაცხადა. მანამდე მსგავსი ინფორმაცია 6 წლის განმავლობაში იყო დაფარული. და ამ პერიოდში ოქროს რეზერვები თითქმის 57 პროცენტით გაიზარდა.