"სოლიდარობის ფონდთან" დაკავშირებით მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის

"საქართველოს სოლიდარობის ფონდთან" დაკავშირებით მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" და მისი ბენეფიციარების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, საქველმოქმედო ფონდში ნებისმიერი სახის შენატანი დაბეგვრისგან გათავისუფლებულია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით კი, სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში დახმარების მიმღები ბენეფიციარი ფიზიკური პირები, რომლებსაც "საქართველოს სოლიდარობის ფონდი" სხვადასხვა სახის დახმარებას (ერთჯერადი დახმარებები, რეგულარული სოციალური შემწეობები, მკურნალობის ხარჯების დაფინანსება) გაუწევს, აღნიშნულ მიღებულ შემოსავალზე ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.

ამასთან, დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, თუ პირს წლის განმავლობაში აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, იგი ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად, პირი, რომელიც "სოლიდარობის ფონდის" დახმარებას მიიღებს, ეს დახმარება მას შემოსავლად ჩაეთვლება და შესაძლოა, მისმა საერთო შემოსავალმა 40 000 ლარს გადააჭარბოს, რის შემდეგაც მას ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მის სოციალურ მდგომარეობას.

"ამიტომ, ვამზადებთ ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი არ ჩაითვლება იმ შემოსავლად, რომლის გამოც მათ მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ფონდს, რათა მან უფრო მეტი თანხა მიმართოს საქველმოქმედო საქმიანობისთვის და დახმარება გაუწიოს სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომ პაციენტებსა და მათ ოჯახებს", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

"სოლიდარობის ფონდი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა, რომლის მიზანია, საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე.