რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში

შვილისთვის სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია.

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ზოგიერთი მათგანში სწავლა კი ფუფუნებად ითვლება.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თბილისში რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სკოლა.

„QSI" საერთაშორისო სკოლა

წლებია „QSI" ყველაზე ძვირად ღირებული სკოლის სტატუსს ინარჩუნებს. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში გაიხსნა. თბილისში კი სკოლა 1995 წელს დაარსდა და სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. წლიური გადასახადი კი 25 ათასი დოლარია. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ.

წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც არსებობის 22-წლიან ისტორიას ითვლის. რაც შეეხება წლიურ საფასურს, ის 6900 ლარს შეადგენს.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. სწავლის წლიური გადასახადი 2019-2020 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება:

8 კლასში წლიური გადასახადი 13 000 ლარია. 9-12 კლასში კი საქართველოს მოქალაქისთვის 24,000, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 32, 000 ლარი. გარდა ამისა, აკადემიაში მიღებულ მოსწავლეს 600 ლარის ოდენობის საგარანტიო დეპოზიტის გადახდა მოეთხოვება.

მოსწავლეს მატერიალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაეცემა აკადემიის კუთვნილი ქონების ნაწილი, როგორიცაა წიგნები, შემნახველი კარადის გასაღები და სხვა აქტივები. მეთორმეტე კლასის ბოლოს, მოსწავლეს აღნიშნული დეპოზიტი სრულად დაუბრუნდება.

ევროპული სკოლა

ევროპული სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. 2009 წელს სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია მოიპოვა. 2010 წელს კი “ევროპულმა სკოლამ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია გაიარა. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ქართული პროგრამის საფასური 4500 ევროა. ხოლო საერთაშორისო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 8000-10000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. 2019-2020 სასწავლო წელს სწავლის წლიური ღირებულებაა: 5900 დოლარია (ეკვივალენტი ლარში).

ლოგოსი

სკოლა „ლოგოსი“ 2010 წელს დაარსდა. სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL. საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ღირებულება არის 6900 ლარი წელიწადში დაწყებით კლასებში, 9900 ლარი წელიწადში VII და VIII კლასებში და 12600 ლარი წელიწადში IX კლასიდან XII კლასის ჩათვლით.

ახალი სკოლა

”ახალი სკოლა” 1999 წელს დაარსდა. 2008 წელს “ახალმა სკოლამ“ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი კლასების პროგრამის (3-დან 12 წლამდე), 2010 წლის იანვარში ამავე ორგანიზაციის სადიპლომო პროგრამის (XI-XII კლასები) და ამავე წლის გაზაფხულზე საბაზო სკოლის პროგრამის (VI-X კლასები) ავტორიზაცია გაიარა. რაც შეეხება წლიურ გადასახადს, 2800 ევრო (ექვივალენტი ლარებში)

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში 2000 წელს გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით შეიქმნა. დაწყებითი და უმაღლესი სკოლის საფეხურზე სწავლის ღირებულება წელიწადში 2900 ფუნტ სტერლინგს შეადგენს (ექვივალენტი ლარში). ფასში შედის: ტრანსპორტირება სახლიდან სახლამდე, კვება, მოსწავლეთა აკადემიური და სპორტული ფორმები, სახელმძღვანელოები, ყველა თემატური ექსკურსია, რომელიც სკოლის ეგიდით ტარდება.

თბილისის თავისუფალი სკოლა

2018 წელს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ცოდნის ფონდისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მონაწილეობით თბილისის თავისუფალი სკოლა გაიხსნა. აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები გაძლიერებულად სწავლობენ - მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ინგლისურსა და ქართულ ენასა და ლიტერატურას. რაც შეეხება წლიურ გადასახადს, 2019-2020 წლისთვის 8400 ლარს შეადგენს.

ლიკა ამირაშვილი