ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის, შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.