2020 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ სტატისტიკას წარვუდგენთ საზოგადოებას,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონეს ეხება.
გოგიტა თოდრაძის თქმით, იქმნება ყველა პირობა, რომ 2020 წლის ბოლოს ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის მაჩვენებელი იქნას გასაჯაროებული. მისივე განცხადებით, ცვლილება, რომელიც შევა მეთოდოლოგიაში, მნიშვნელოვნად შეცვლის უმუშევრობის მაჩვენებელს.
ამასთან, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნას განმარტებული თუ ვინ ითვლება უმუშევრად. მან ის მეთოდოლოგია განმარტა, რის მიხედვითაც დღეს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოება ხდება.
„ეს მეთოდოლოგია განმარტავს უმუშევრის კატეგორიას. უმუშევარი ეს არის 15 და უფრო მეტი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა, თუნდაც ერთი საათითაც კი გამოკითხვის მომენტის წინა კვირაში, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს იმავე თვის განმავლობაში და მზად იყო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად.
12.7 % არის 2018 წლის უმუშევრობის დონის მაჩვენებელი და საიდან მოდის ეს ციფრი. ზოგადად, დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოებისას ჩვენ გვჭირდება 15 და მეტი ასაკის მოსახლეობა. 15 წლისა და უფროსი ასაკის დაახლოებით არის 3 მილიონი ადამიანი. ეს შედგება ორი კატეგორიისგან: ეკონომიკურად აქტიური, რომელიც სამუშაოს ძალის ტერმინით არის ცნობილი და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა გახლავთ 1 მილიონ 940 ათასი, მაშინ, როდესაც მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ გახლავთ 1 მილიონ 90 ათასი. ამ ორი კატეგორიის ჯამი გვაძლევს ჩვენ მოსახლეობას 15 წლისა და ზევით.
რაც შეეხება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სტრუქტურას, ეს გახლავთ დასაქმებულები და უმუშევრები. მათი ჯამი ქმნის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას. დასაქმებული შეიცავს ორ კატეგორიას: დაქირავებული პირი, რომელიც მუშაობს სადღაც და თვითდასაქმებული, საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ა.შ.
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დასაქმებულებისა და უმუშევრობისგან შედგება, დასაქმებული არის აქედან 1 მილიონ 700 ათასი, ხოლო უმუშევარი -245 ათასი. უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 12.7% წარმოადგენს 245 000-ის პროცენტულ წილს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. ეს 245 000 კვლევის მიხედვით არის პირი, რომელიც 15 წლისა და მეტი ასაკის არის და არ მუშაობდა გასული შვიდი დღის განმავლობაში, არ ეძებდა სამუშაოს და ამავდროულად მზად არ იყო სამუშაოს დასაწყებად“,-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება უმუშევრობის დონის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებას, გოგიტა თოდრაძის თქმით, ცვლილება პირველ რიგში საქსტატის ინტერესებში შედის და ცვლილებები აუცილებლად იქნება.
„საერთაშორისო სტანდარტი 2018 წლის ოქტომბერში შეიცვალა, ახალი მეთოდოლოგიის მოხდება უმუშევრობის მაჩვენებლის დათვლა. ახალი მეთოდოლოგია ძირითადად გულისხმობს იმას, რომ თვითდასაქმებულებში, რომელთა წილიც მაღალი იყო დასაქმებულთა სტრუქტურაში, აღარ ჩაითვლებიან პირები, რომლებიც თავიანთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მიღებულ პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ. სულ მცირე ეს შეცვლის უმუშევრის კატეგორიას და უმუშევრის რაოდენობასა და პროცენტულ მაჩვენებელს“,-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ცნობისთვის, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოში უმუშევარი ადამიანების რაოდენობა რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ასახავს.
„ჩემი აზრით, დათვლის არსებულ მეთოდს „როგორ მოვიტყუოთ თავი“ ჰქვია. ცხადია, იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოვაგვაროთ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.