ყველა პოლიტიკურ პარტიას აღვიქვამ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფდი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ის, რომ ჩვენ ქვეყანაში უამრავი პარტია გვაქვს, არის ერთკაციანი, ორკაციანი პარტიებიც, ერთი მხრივ ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი ცუდი, რადგან მათ ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა, პარტიების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას დავუკავშირებ ჩვენს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მას ექნება მხარდაჭერა, მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხედვებს წარუდგენენ მოსახლეობას. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვა წარსულს, აწმყოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას აღვიქვამ კონკურენტად. ეს შეიძლება იყოს ერთკაციანი, ორკაციანი პარტიები. მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორც ხდება ხოლმე. ბევრი გვინახავს ასეთი,"- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.