იაპონურ ბანკებში ძალიან დიდი მოცულობის ფული ინახება. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. სააგენტოს ცნობით, ეს თანხები იმდენად ბევრია, რომ მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მშპ-ს ბევრად აღემატება და ეს არის ეროვნული კომპანიების ფულადი რეზერვები. სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, ეს მოცემულობა არა ამ კომპანიების წარმატებაზე, არამედ გაშვებულ შესაძლებლობებზე მიუთითებს.
სააგენტოს ცნობით, იაპონურ კომპანიებს ნაღდი ფულის სახით 4,8 ტრილიონი დოლარის მარაგები აქვთ იაპონურ ბანკებში, რაც დაკვირვების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ის გასამმაგებულია 2013 წელთან შედარებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა სინძო აბე, რომელმაც „დამგროვებლობას ომი გამოუცხადა“. სააგენტო წერს, რომ მიუხედავად აბეს მცდელობისა, დაერწმუნებინა კომპანიები, არ დაეგროვებინათ კაპიტალი და მათი რეინვესტირება მოეხდინათ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გამართლდა.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ იმ დროს, როცა თავად კომპანიები ამ ფულის მარაგებს „შავი დღისთვის“ ინახავენ, ინვესტორებს ეს არ მოსწონთ. მათი აზრით, კომპანიების ხელმძღვანელობა ამ თანხებს ან სხვაგან უნდა აინვესტირებდეს, ან ანაწილებდეს აქციონერებზე.