ბაზარზე წითელგულიანი კაკალი გამოჩნდა - სად იზრდება ახალი ჯიშის კაკალი

მსოფლიო ბაზარზე წითელი/მეწამულის ფერის კაკალი უკვე გამოჩნდა.

კაკლის ასეთი სახეობა უკარაინაში კიროვოგრადის რეგიონში იზრდება. East fruit-ის ინფორმაციით, ბოლო დრომდე მთელ მსოფლიოში წითელი გულის მქონე კაკალი დეფექტად ითვლებოდა. თუმცა კალიფორნიელი მეცნიერების მტკიცებით, კაკალის ასეთი უჩვეულო გარეგნობა რომელიმე დაავადების ბრალი კი არ არის, არამედ კაკლის სხვადასხვა ჯიშის დამტვერვის შედეგია.

ერთ-ერთი პირველი ასეთი ჯიში უკრაინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს და მას „მეწამული“ უწოდეს.

ახლა ასეთი ჯიშის კაკალი უფრო ძვირია, ვიდრე ტრადიციული თეთრი გულის მქონე კაკალი. ყველაზე ხშირად აღნიშნულ კაკალს რესტორნებში იყენებენ.

როგორც ერთ-ერთი ფერმერი კიროვოგრადის რეგიონიდან East fruit-სთან საუბრისას აცხადებს, უჩვეულო ფერის კაკალი ბაზარზე თავის ადგილს დაიკავებს.

„შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ მის ტკბილ გემოზე, მაგრამ ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ თეთრი კაკალი ურჩევნია. მეორეს მხრივ, მე მჯერა, რომ უჩვეულო ფერის კაკალი მსოფლიო ბაზარზე კანონიერ ადგილს დაიკავებს.“ - განაცხადა ფერმერმა.

ლიკა ამირაშვილი