„აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი ინტერნეტკამპანია „აირჩიებათუმი“ ულამაზესი ვიდეორგოლით სრულდება. კლიპში, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა, 15-ვე პერსონაჟი ერთადაა თავმოყრილი. ვიდეორგოლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავიანთ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. კამპანია აგვისტოდან დაიწყო და მას სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. (კამპანიის ვიდეორგოლების ნახვა მსურველებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ - http://airchie.gobatumi.com/).

შიდა ტურისტების მოზიდვის მიზნით რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე, ონლაინ და რადიო რეკლამების სახით. აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ბილბორდები, ავტოგაჩერებები და მეტროგაჩერებები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ივნისიდან ამშვენებს. აჭარის საიმიჯო ვიდეო/აუდიო რეკლამა კინოთეატრებსა და რადიოსადგურებშიც ტრიალებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. რაც შეეხება, აჭარის პოპულარიზაციას უცხოეთში, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაეცნობიან.