რუსეთი მზად არის, უკრაინას გაზის მიწოდების საფასური გაუიაფოს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, რუსეთი მზად არის, 100 დოლარით გაუიაფოს უკრაინას გაზის მიწოდების საფასური.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ალექსანდრე ნოვაკმა ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სასამართლოში წყდება, რუსეთი მზად არის ფასდაკლებაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ივნისში, უკრაინულმა "ნაფტოგაზმა" სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა რუსული კომპანიის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების სანაცვლოდ საბაზრო და სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით.

თავის მხრივ, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა "გაზპრომმაც", რომელიც უკრაინული მხარიდან დავალიანების დაფარვას ითხოვს.

მიმდინარე წლის მაისში უკრაინა-რუსეთს შორის ბუნებრივი აირის ფასის დარეგულირებაზე მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, რუსეთი, ევროკავშირი – დაიწყო. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას რუსეთმა უკრაინას ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 385 დოლარად შესთავაზა 100 დოლარის ფასდაკლების გათვალიწინებით. თუმცა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, უკრაინამ უარი თქვა "გაზპრომის" შეთავაზებაზე, რადგან საფასურს რუსეთის ხელისუფლება აწესებს, რომელსაც შეუძლია ნებისიერ დროს გააუქმოს ფასდაკლება.