სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ სამცხე-ჯავახეთის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა. ამის შესახებ შპს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, წითლიძე რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, მათ შორის, რეაბილიტირებულ ყაურმა-მამწყვარასა და მამწვარას სარწყავი სისტემების მუშაობას გაეცნო. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზრესის სარწყავი სისტემის აღდგენა მუნიციპალიტეტში 1140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდებას 440 ჰექტარზე გააუმჯობესებს.

გენერალურმა დირექტორმა რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა სამომავლო გეგმები და ის პროექტები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კომპანია სამცხე-ჯავახეთში განახორციელებს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 9 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1700 ჰექტარზე გაუმჯობესდა.