ბათუმში მალე ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ კომპანია „ბათუმის წყლიდან“ იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია ,,ბელკომუნამაშს“ შორის დღეს გაფორმდა.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს. სატენდერო თანხა 3 მილიონ 777 ათას ევროს შეადგენს. პროექტისათვის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია. ელექტროავტობუსების დაფინანსების კუთხით, პროექტი პირველია ფონდისათვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
გასულ წელს ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.