მთავარმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა გასულ ოთხშაბათს განაცხადეს, რომ აშშ-ში წარმოებულ თითქმის ყველა ავტომობილში იქნება სისტემა, რომელიც მგზავრებს უკანა სავარძლებზე ღვედების შეკვრას შეახსენებს. 2025 წლის მოდელის თანახმად, სისტემა მფლობელს ნაავარიებ ავტომობილებში მცირეწლოვანი ბავშვების დაღუპვას აარიდებს თავიდან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა NBC NEWS წერს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის შექმნა აშშ-ს კონგრესში გამართული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა. ივლისში სენატის კომერციულმა კომიტეტმა ხმა მისცა კანონპროექტს, რომელიც ავტომწარმოებლებს ახალ ავტომობილებში უკანა სავარძლებზე ღვედის შეკვრის შესახებ შეხსენების სიგნალს ჩაამონტაჟებს. ეს მშობლებს დაეხმარება, შეამოწმონ, ბავშვებს შეკრული აქვთ თუ არა ღვედი.
NBC-ის ინფორმაციით, თითქმის ყველა ავტომწარმოებელი კომპანია შეთანხმდა, რომ 2025 წლისთვის როგორც აუდიო, ისე ვიზუალური სისტემა ყველა მანქანაში იქნება ჩამონტაჟებული, მაგრამ სჭირდებათ დამატებით 12 თვე იმისთვის, რომ დიზაინის ცვლილებები განახორციელონ.
აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 98%-ს 20 ავტომწარმოებელი წარმოადგენს. ესენი არიან General Motors Co, Ford Motor Co, Volkswagen AG, Toyota Motor Corp, Hyundai Motor Co და Honda Motor Co.
Fiat Chrysler Automobiles NV-ს განცხადებით, აღნიშნული სისტემით აღჭურვილი იქნება ყველა ავტომობილი, რომელსაც კომპანია მომავალში აწარმოებს და ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდება, თუმცა დროის განსხვავებულ მონაკვეთებში.
NBC-ის ინფორმაციით, კომპანია GM-ს აქვს სისტემა, რომელიც 2016 წლიდან ამერიკულ ავტომობილებშია ჩაშენებული და როგორც აუდიო, ისე ვიზუალური სახით მშობლებს ახსენებს, გადასვლამდე ბავშვი შეამოწმოს.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, კანონმდებლები აცხადებენ, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დაპარკინგებულ ავტომობილებში გულის შეტევით 800-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. სისტემები კი მძღოლს ახსენებენ, თუ ავტომობილში ბავშვი ზის, შეამოწმოს უკანა კარი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრას. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მომხრეებს კი გაუმჯობესებული სისტემა სურთ, რომელიც ბავშვის ღვედსაც გააკონტროლებს.
ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან როჯერ ვიქერმა, რომელიც კომერციულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ჯერჯერობით მიღებული ნებაყოფლობითი შეთანხმება კანონს არასაჭიროს ხდის. როდესაც კანონი ძალაში შევა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია იძულებული გახდება შეიმუშაოს რეგულაციები და ავტომწარმოებლებს მინიმუმ 2 წელი მიეცეთ მათ შესასრულებლად.
„ეს მოგვცემს ყველაფერს, რასაც ვითხოვთ და თანაც ძალიან მალე“, - განაცხადა ვიქერმა.