მთავრობა იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.
ამის შესახებ, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
„საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1369 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, შესაბამისად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილების ზუსტი განსაზღვრა და ამ ადგილებზე საფრთხის შემცველი ელემენტების აღმოფხვრა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე პროექტის მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის მარტშიც წერდა. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული.