აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესი მიიღებს ახალ კანონს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების აღდგენის შესახებ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევისთვის ამ დრომდე არსებული დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თუ იგი გადაწყვეტს, რომ არ დახარჯოს ეს თანხა, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი მას მხარს თავიდან დაუჭერს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა დემოკრატ სენატორ კრის მერფისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მათ ევროპაში ვიზიტი შეაჯამეს.
სენატორები უკრაინაში, კოსოვოსა და სერბეთში იმყოფებოდნენ, მათ რუსეთის ვიზაც მოითხოვეს, თუმცა, მოსკოვისგან უარი მიიღეს.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო ფინანსური დახმარების პროგრამის გადახედვას აპირებს. 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას კიევი ვაშინგტონისგან პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლისთვის იყენებს. როგორც სენატორმა ჯონსონმა განაცხადა, იგი ესაუბრა ტრამპს ამ საკითხზე და თეთრი სახლის ლიდერმა მას უთხრა, რომ ევროპული ქვეყნები და არა აშშ, უნდა ეხმარებოდეს უკრაინას ფინანსურად, ვინაიდან უკრაინა მათი მეზობელია.