ამ სეზონზე ყირიმი 2 მლრდ დოლარზე მეტს დაკარგავს

წლევანდელი ზაფხულის არაპოპულარული სეზონის გამო, ყირიმი შემოსავლების სახით 2 მლრდ დოლარზე მეტს დაკარგავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "РБК Daily" აქვეყნებს.

"რუსეთის მოქალაქეები ისეთივე სიხშირით მიემგზავრებიან ყირიმში დასასვენებლად, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ვერ მოხერხდება იმ ფულადი დანაკარგების კომპენსირება, რაც ნახევარკუნძულმა უკრაინელ ტურისტებთან ერთად დაკარგა" , - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცლებეულ განცხადებაში.

ყირიმის ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ყირიმს 2,3 მლნ ადამიანი სტუმრობდა, საიდანაც მხოლოდ 0,3 მლნ იყო უკრაინელი. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ყირიმს 5,89 მლნ დამსვენელი ჰყავდა და მათ შორის 2 მლნ - რუსეთიდან.

ყირიმის ტურიზიმის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სეზონის დასრულებამდე ყირიმს კიდევ 0,7 მლნ ტურისტი ეწვევა, ხოლო ტურისტული ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 78 მლრდ რუბლს (2 148 446 645$) შეადგენს, რაც 82 მლრდ რუბლით (2 258 623 396$) ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი.