ქუთაისში ავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ქუთაისში საქალაქო ავტობუსების მძღოლებმა სამდღიანი გაფიცვა დაასრულეს და მუშაობა დაიწყეს.

ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, მძღოლები ძველი პირობებით დაახლოებით ორი თვე იმუშავებენ, ამის შემდეგ კი ქალაქის ხელისუფლება სიახლეებს შესთავაზებს.

"დროა ქალაქმა იზრუნოს იმაზე, რომ ტრანსპორტი მუნიციპალური გახდეს," -ამბობს ვიცე-მერი.

ნოდარ მიქიაშვილის თქმით, სიახლეების შესახებ მძღოლებისათვის ნაწილობრივ ცნობილია, ხოლო საზოგადოებისათვის სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაფიცული მძღოლები აცხადებდნენ, რომ მათი ხარჯები მოგებას აღემატებოდა. მუშაობის გასაგრძელებლად მძღოლები ყოველდღიურად 15 ლიტრი საწვავის ჩასხმას ან მგზავრობის ღირებულების 30-თეთრიანი ტარიფის მინიმუმ 10 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.