Volkswagen-ი ორგანზომილებიან ლოგოს დაუბრუნდა

კომპანიამ Volkswagen საკუთარი ლოგო განაახლა. განახლებული იერის ლოგო კომპანიის ვოლფსბურგში მდებარე ცენტრალური ოფისის თავზე გამოჩნდა. ხოლო ავტომობილებზე ის ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილმა სერიული წარმოებისთვის მზა კომპანიის პირველმა ელექტრომობილმა I.D.3-მა მოირგო.

კომპანიამ ახალ ლოგოში უარი განაცხადა 3D სტილიზაციაზე და ემბლემას ორიანი განზომილება დაუბრუნა. ეს არის პირველი ლოგო, რომელშიც ასო W არ ეხება მის ირგვლივ წრეს. „ახალი დიზაინი კომპანიისთვის ახალი ერის დასაწყისს ნიშნავს“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი იურგენ სტაკმანი.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ლოგოს დიზაინი უმოკლეს დროში დამზადდა და მასზე კომპანიის შიგნით იმუშავეს. მათივე განცხადებით, გერმანიის სათავო ოფისის თავზე დაწყებული რებრენდინგი გავრცელდება მსოფლიოს 154 ქვეყანაშიც. ჯერ ცვლილებები დაიწყება ევროპაში, შემდეგ ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. 2020 წლისთვის კი ის სრულად დასრულდება.

კოკა კვირკველია