2019 წლის პირველ ნახევარში იპოთეკური სესხებით დაფინანსებული ტრანზაქციების წილი 2018 წელთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების 2019 წლის პირველი ნახევრის ანალიზს ეხება.
კვლევის თანახმად, 2018 წლის მე-4 კვარტალში ახალი იპოთეკური სესხების პროპორციამ თბილისში არსებული ბინებისთვის შესრულებული ტრანზაქციების 50%-ს გადააჭარბა. 2019 წლის პირველ კვარტალში კი პროპორცია 30%-მდე შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში პროპორციამ 42%-ს მიაღწია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, განახლებული რეგულაციების პირობებში იპოთეკურ სესხზე ხელმისაწვდომობა გიზარდა. იპოთეკური სესხის გაცემისას, 20%-იანი თანამონაწილეობის დროს, ბანკებს შეუძლიათ, მსესხებლის გადახდისუნარიანობა შიდა მოდელების საფუძველზე შეაფასონ.
ამავე კვლევის თანახმად, იპოთეკური სესხების განაკვეთები შემცირდა. სესხების გაცემაზე დაწესებული ახალი რეგულაციებიდან 6 თვის შემდეგ, ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი შემცირდა ახალ იპოთეკურ სესხებზე და 8.9%-მდე დასტაბილურდა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ბანკების იპოთეკურის სესხების პორტფოლიომ ზრდა ისევ განაგრძო.
„2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყნის იპოთეკური სესხების პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით, 3.9%-ით გაიზარდა, რაც სეზონურობის ეფექტის გათვალისწინებით, 6.1%-იან ზრდას ნიშნავს. ამავე პერიოდში თბილისის იპოთეკური სესხების პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით, 3.3%-ით გაიზარდა, რაც სეზონურობის ეფექტის გათვალისწინებით, 5.5%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნულია კვლევაში.
2019 წლის ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის იპოთეკური სესხების პორტფელმა 6.5 მილიარდ ლარს, ხოლო თბილისის იპოთეკური სესხების პორტფელმა კი 5.1 მილიარდ ლარს მიაღწია.
2018 წლის 1-ელ ნახევარში, შედარებისთვის, საქართველოსა და თბილისის იპოთეკური სესხების პორტფოლიომ ერთად 14.6%-იანი ზრდა განიცადა.