რისი გაკეთება იგეგმება მუხიანში, 23 მილიონ ლარად (+ვიდეო)

მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

“უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რეესტრის მიხედვით, შპს „ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს „სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი კი, ვალერი ჩეხერიაა. თავად „სითი ლოფტი” კი 2011 წელს არის დაფუძნებული. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ამასთან, „სითი ლოფტი” „აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის, „ფაბრიკას“ და სხვა ობიექტებს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ მუხიანში „რადიოქალაქის" პროექტზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი 9 სექტემბერს დასრულდა. საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარს შეადგენდა, აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 23 323 169 ლარია.

ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

თაია არდოტელი