17 177 პირს დევნილის სტატუსი შეუწყდა

დევნილთა რეგისტრაცია 258 038-მა ადამიანმა გაიარა, ხოლო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დევნილის სტატუსი 17 177 პირს შეუწყდა.

ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს ცნობით, 2007 წლის მონაცემების მიხედვით, დევნილთა ბაზაში აღრიცხული იყო 271 832 პირი. აღნიშნული მონაცემების განახლების მიზნით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე დაინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც 2013 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და 2014 წლის პირველ ივნისს დასრულდა.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, დევნილთა სამინისტროს სტატუსის მინიჭების და აღდგენის მოთხოვნით მიმართა 1546 პირმა, აქედან დევნილის სტატუსი მიენიჭა 916 პირს, მათ შორის 325 ახალშობილია, ხოლო სტატუსი აღუდგა 52 პირს. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, დევნილის სტატუსი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო - 11 პირს, ხოლო გარდაცვალების გამო 274 პირს შეუწყდა. დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 121 პირს, მათ შორის ამნისტიით ისარგებლა 77-მა მოქალაქემ.

სამინისტროს იფორმაციით, გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა პირადობის და დევნილის მოწმობებში გაყალბებული ფოტოსურათი, სახელის და გვარის გაყალბება და ასევე, განსაკუთრებით ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ დევნილზე 2 ან მეტი დევნილის მოწმობა ფიქსირდება.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 121 პირს, თუ მათ ყოველთვიურ შემწეობას ციფრებში გადავიყვანთ, საკმაოდ შთამბეჭდავ სურათს მივიღებთ. გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე 121 დევნილი თვეში 5 445 ლარს იღებდა, რაც წელიწადში 65 000 ლარს აღემატება. ეს თანხა აკლდება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელიც 45 ლარიან დახმარებას ყოველთვიურად ელოდება და შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია. სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს", - ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებაში.

2013 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც პირებს, რომლებმაც იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა გააყალბეს და აღნიშნულის თაობაზე მიმართვენ კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეპატიებათ აღნიშნული დანაშაული და შეუნარჩუნდებათ მიღებული ფინანსური სარგებელი. ამნისტია არ შეეხებათ იმ "დევნილებს", რომლებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან ფართის ექვივალენტური ფულადი კომპენსაცია.