„ვფიქრობთ, ამერიკულ ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანია"

„ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების - Delta Airlines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს. ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა. როგორც მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.