პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შშმ პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან

პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ახალი სადაზღვევო პირობებით დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.

"პირველი სექტემბრიდან პენსიონერების, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო დახმარების ადმინისტრირებას კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად, სახელმწიფო მოახდენს. რაც შეეხება მათ პირობებს, მათ შეუნარჩუნდებათ იგივე სადაზღვევო პაკეტი, რაც ჰქონდათ დღემდე, უბრალოდ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომსახურების ოპერატიულობა და, ვფიქრობთ, მომსახურების ხარისხიც", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ზაზა სოფრომაძის თქმით, პირებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან, გეგმურ ოპერაციებზე მოცდის დროც შეუმცირდებათ. "კერძო სადაზღვევოს პირობებში იყო 4 თვე, ეს დრო შემცირდება მაქსიმუმ 2 თვემდე. გარდა ამისა, მათ პირველი სექტემბრიდან მიეცემათ თავისუფალი არჩევანის საშუალება. ანუ მათ შეეძლებათ სამედიცინო დახმარება მიიღონ იმ კლინიკაში, სადაც სურვილი აქვთ და არა იმ კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, ან საკუთრებაში მყოფ კლინიკებში, სადაც ისინი დღემდე იყვნენ დაზღვეულები", - განაცხადა სოფრომაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებისა, შეეძლებათ მიმართონ საყოველთაო დაზღვევის ოფისებს, რომელიც მთელ საქართველოშია. "ამ მხრივაც პრობლემა არ შეექმნებათ. ხშირად მეკითხებიან იმასაც, რომ პრობლემა ხომ არ იქნება რეგისტრაციის დროს. ჩვენ გვაქვს ყველა ბაზა ამ მოქალაქეების, რომლებიც მთავრობის 165-ე დადგენილებით სარგებლობენ. 31 აგვისტოს ღამის 12:00 საათზე ავტომატურად მოხდება მათი ჩვენს ბაზაში დარეგისტრირება და ამ მხრივაც არანაირი პრობლემა არ შეიქმნება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.