საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა, - ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს.
შეხვედრაში ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ასევე სხვა სახელწიფო უწყებები, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე OECD-ის ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების ფარგლებში მიღებული პირველადი მიგნებები. აღნიშნული მიგნებების მიხედვით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დინამიური ეკონომიკური რეფორმების შედეგად შექმნილი საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული. OECD-ის წარმომადგენლების განცხადებით, ის უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო დონეზე და მას უდავო ლიდერად წარმოაჩენს რეგიონში.
„ის, რაც OECD-ის წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.
მისი თქმით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება, როგორიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაა, არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმის პოზიციონირებისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.
„მათ მიერ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის, ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ კარგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და ღირსეულად წარვდგეთ OECD–ის მიერ, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე „OECD–ის ევრაზიის კვირეული - 2020“, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
უწყების ცნობით, „OECD ევრაზიის კვირეული - 2020“ (OECD Eurasia week 2020) 2020 წლის მარტში გაიმართება.
„ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, თავის მხრივ, უპრეცენდენტო შემთხვევაა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და სამხრეთ კავკასიაში ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარების კუთხით. აღნიშნული კვირეული წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, ბიზნესწრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები, მათ შორის OECD-ის წევრი ქვეყნებიდან, OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის წევრი ქვეყნებისა და ასევე, საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების (EBRD, WB და სხვ.) 300-მდე წარმომადგენელი. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ უფრო დეტალური და ვრცელი შეფასებები გაკეთდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.