აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინეთის თხოვნიდან გამომდინარე ორი კვირით გადადო საბაჟო ტარიფების გაზრდის ამოქმედების ვადა. ახალი სატარიფო გეგმა ითვალისწინებს 250 მლრდ ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების 25%-დან 30%-მდე გაზრდას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„ვიცე-პრემიერ ლიუ ხეს თხოვნით და ასევე იმაზე, რომ ჩინეთი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, ჩვენ დავთანხდით 1-ელ ოქტომბერს ასამოქმედებელი საბაჟო განაკვეთები ორი კვირით, 15 ოქტომბრამდე გადავწიოთ. ეს ჩვენი კეთილი ნების გამოხატვით ხდება“, - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ 112 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე 15%-იანი ტარიფი 1-ელ სექტემბერს აამოქმედა. ამის მიზეზად დონალდ ტრამპმა ჩინეთის მხრიდან პირობის შეუსრულებლობა დაასახელა, რომლის თანახმად ჩინეთს უნდა გაეზარდა ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი. ტარიფების მეორე ნაწილი კი 15 დეკემბერს ამოქმედდება. ამ ნაბიჯების პასუხად ჩინეთმა 75 მილიარდის ამერიკულ პროდუქციაზე დააწესა 10%-იანი საბაჟო ტარიფი, ხოლო ის 5%-ით 15 დეკემბრიდან გაიზრდება. იმავე დღეს ჩინეთი 25%-იან საბაჟო ტარიფს აამოქმედებს ამერიკული წარმოების ავტომობილებზე.