„პოლიტიკოსები უფრო შეზღუდულები არიან“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება და შემდეგ პოლიტიკური პარტიის შექმნა გაზრდის კონკურენციას, რაც პოლიტიკურ ხარისხსაც აამაღლებს.
ცნობისათვის, დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - „ლელოს“ პრეზენტაცია გამართეს. ორგანიზატორების თქმით, ეს არის დასაწყისი და უკვე ოქტომბერში პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ გუნდში იქნება თემურ ჭყონიაც, რასაც თავად ბიზნესმენი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უარყოფს და აცხადებს, რომ რჩევას ყველას მისცემს, ვისაც დასჭირდება, მაგრამ პოლიტიკაში არ მოვა.
„მე ბევრი საქმე მაქვს, არ მცალია და არც მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსებში „ავითქვიფო“, თავისუფალი ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, კრეატიულობაში, შემოქმედებაში, პოლიტიკოსები კი უფრო შეზღუდულები არიან, უფრო ვიღაცასა და რაღაცაზე, სიტუაციაზე არიან დამოკიდებულები. წლების განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, ზოგი მაცდური, ზოგი ამბიციური, თუმცა არასდროს ცდუნებას არ ავყოლილვარ და არც ერთი წინადადება არ მიმიღია. ადამიანის ბედნიერება არის ის, აკეთოს, რაც უყვარს. მე კი მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ და ვემსახურები, ამიტომ პოლიტიკისთვის არ მცალია.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ მოძრაობის და შემდგომ პარტიის დაფუძნებას, ძალიან კარგი და მისასალმებელია, ეს კონკურენციას გაზრდის, კონკურენცია კი ხარისხს ზრდის. მე არ ვიქნები პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ თუ მთხოვენ რჩევას და მკითხავენ ჭკუას, მზად ვარ ვესაუბრო. მე უფრო სერიოზული თემები მაქვს გასაკეთებელი და პოლიტიკისთვის ნამდვილად არ მცალია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ჭყონიამ.