პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. ანგარიში კომიტეტის წევრებს გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა გააცნო.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში რამდენიმე მიმართულებით არის წინსვლა.
“ეს პირველი ანგარიშია, რომელიც დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას მოიცავს. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო აუდიტის ფინანსურ ანგარიშგებას პარლამენტის მიერ დამტკიცებული დეპუტატთა ჯგუფი ამოწმებდა. წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელმა აუდიტმა შეამოწმა. ანგარიშგება არის უპირობო, მიღებული დასკვნა არის უპირობო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც დასკვნას ნახავთ, შეამჩნევთ, რომ ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი სახელმწიფო აუდიტმა 4%-ით გაზარდა, 85%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოიცვეს 11-მლრდ ლარამდე ნაერთი ბიუჯეტიდან.
რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 43%-მდეა გაზრდილი. როგორც გენერალური აუდიტორი გვარწმუნებს, ისინი აპირებენ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.