დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალთან დაკავშირებით - თუ იცნობ ამ ჯენტლმენებს, იცი, რომ მათი ფულის გათეთრებაში დადანაშაულება რაღაც ხუმრობას ჰგავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ ეჭვებზე მას შემდეგ, რაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო დაიწყო გამოძიება.
„ბადრის და მამუკას 20 წელზე მეტია, ვიცნობ. ვიცი, რომ საოცრად შემოქმედებითი და წარმატებული ბიზნესმენები არიან და ააშენეს ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი - ეს დაუჯერებელი მიღწევაა. ამ დონეზე ასვლა შეუძლებელია, თუ ფულს ათეთრებ, ვინაიდან არავინ მოახდენს ინვესტირებას და ფულს არავინ ჩადებს შენს ბანკში. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ასეთი ჭკვიანები არიან, რატომ დააყენებდნენ ყველაფერს რისკის ქვეშ, ბოდიში, მაგრამ ამ შედარებით, ცოტა თანხის გამო? ჩემთვის ეს ძალიან დიდი ფულია, მაგრამ ბანკის სიდიდის, ინვესტიციებისა და იმ ადამიანების გამო, ვინც მსოფლიო მასშტაბით ამ ყველაფრის გარშემო ტრიალებენ, ამ შედარებით მცირე თანხის გამო არავინ გარისკავდა“, - განაცხადა ბრაიზამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება მეტი სიფრთხილით უნდა მიჰყვეს კანონმდებლობასა და პროცედურებს, რადგან ამ საქმეს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს.
„დიდი ეჭვი მაქვს ამ ბრალთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლო სისტემამ უნდა გამოიტანოს დასკვნა და მჯერა შესაბამისი პროცესის. ყოველთვის საჭირო იყო საქართველოს სასამართლო სისტემაზე მუშაობა და ეს იმდენად შორს მიდის, რამდენადაც შეგვიძლია წარსულის გახსენება - ეს არ ყოფილა ყველაზე ეფექტური და სამართლიანი სისტემა. ჩემი რჩევა მთავრობის მიმართ იქნებოდა, რომ მართლა მიყვნენ კანონმდებლობასა და ყველა პროცედურას, თანაც იმდენად ფრთხილად, რამდენადაც შეიძლება, რადგან ახლა ამ საქმეს ყველანი, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. განსაკუთრებით, თუ იცნობ ამ ჯენტლმენებს, იცი, რომ მათი ფულის გათეთრებაში დადანაშაულება რაღაც ხუმრობას ჰგავს. თუმცა სასამართლომ უნდა წარმართოს პროცესი სამართლებრივ სისტემაში. თანაც, რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა? ვგულისხმობ, რომ ეს დრო საკმაოდ საეჭვოა. მას შემდეგ, რაც ეს მოვლენები დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, პომპეომ გაავრცელა განცხადება და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტი. ეს მიუთითებს, რომ აშშ-ს აქვს გარკვეული ეჭვები დროსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.