გუდაურისა და დიდველის ხელოვნური გათოვლიანების საკითხზე საქართველოს დელეგაცია დღეს ავსტრიას ეწვევა

გუდაურისა და დიდველის ხელოვნური გათოვლიანების სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს დელეგაცია დღეს ავსტრიას ეწვევა.

დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოების დარგში ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ავსტრიულ კომპანია DEMAKLENKO-ს პრეზიდენტთან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან. ამასთანავე, იგეგმება შეხვედრა საბაგირო გზების განვითარების კუთხით წამყვან კომპანია Poma-ს პრეზიდენტთან და მის შვილობილ კომპანია Leintern-ის დამფუძნებელთან. 

გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს "გუდაურის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში კომპანია DEMAKLENKO-სა და გუდაურის განვითარების სააგენტოს შორის გუდაურსა და დიდველზე გათოვლიანების სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტი მოიცავს ორ ფაზას - პირველ ფაზაში კურორტებზე მოხდება გეოლოგიური, გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება, წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გუდაურსა და დიდველზე პირველი სასრიალო გზების გათოვლიანება. მეორე ფაზა მოიცავს გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობასა და სასრიალო გზების გათოვლიანებას.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასრიალო სეზონის გახსნა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, რაც ხელს შეუწყობს დამსვენებელთა რაოდენობისა და კურორტის შემოსავლიანობის გაზრდას. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს გუდაურისა და ბაკურიანის არა მარტო ზამთრის, არამედ ზაფხულის სეზონზე დატვირთვასაც.