„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ გაზრდილი საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პორტში რიგი ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.
როგორც „ეიპიემ ტერმინალსიდან“ იუწყებიან, ინიციატივები ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიაზე მანქანების გახსნის დროის შემცირებას მოემსახურება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წინა წელთან შედარებით 2019 წელს მეორადი ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა, რამაც სხვა მიზეზებთან ერთად მანქანების გახსნის დროის გახანგრძლივება გამოიწვია.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაციას კარგად ესმის და სამართლიანად მიაჩნია ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიაზე მანქანების გახსნის დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მომხმარებელთა უკმაყოფილება, რამდენადაც ეს ყველაფერი არ შეესაბამება მომსახურების იმ ხარისხსა და ტემპს, რაც ჩვენ ბაზარზე ბოლო პერიოდში დავამკვიდრეთ; მომხმარებლებს სრულიად ლოგიკურად აქვთ უკეთესი მომსახურების მოლოდინი კომპანიის მხრიდან, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. კომპანია არ იშურებს ძალისხმევას და მაქსიმალურად ცდილობს შექმნილი ვითარების შემსუბუქებას. სწორედ ამ მიზეზით, გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია საკონტეინერო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
გაცნობებთ, რომ მეორადი ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით წელს 42%-ით გაიზარდა. ამასთან, ნავსადგურის ისტორიაში სწორედ 2019 წლის 3 თვე - იანვარი, ივნისი და აგვისტო იყო რეკორდული ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების გადამუშავების მხრივ.
მოხდა საკონტეინერო ტერიტორიაზე ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობის გაზრდა 630-დან 1100-მდე, კონტეინერების დასაწყობების ადგილების შემცირების და მათი ძირითადი ადგილმდებარეობიდან სხვა სივრცეებში გადატანის ხარჯზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ადამიანური რესურსებით და ტექნიკით, ნავსადგურს შეუძლია ყოველდღიურად გახსნას ავტომანქანებით დატვირთული 100 კონტეინერი, რაც მომხმარებლებისთვის დაახლოებით 400 ავტომანქანის მიღების შესაძლებლობას გულისხმობს, თუმცა, ზემოაღნიშნულის განხორციელება პირდაპირ არის დამოკიდებული ავტოსადგომიდან მანქანების გაყვანის სისწრაფესა და რაოდენობაზე, რაც მიმდინარე მდგომარეობით საშუალოდ დღეში 220 მანქანას შეადგენს.
ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობის ზრდა, სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორით, უმთავრესად კი რეგიონის ბაზრების გააქტიურებით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დადებითი მოვლენაა. როგორც ჩვენს მომხმარებლებთან დიალოგის შედეგად გაირკვა, აღნიშნული მდგომარეობა დროებითია და 2019 წლის ბოლოსთვის ტვირთნაკადი შემცირებაა მოსალოდნელი.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გუნდი ძალისხმევას არ იშურებს მომხმარებლებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების მისაწოდებლად, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი რიგი ინიციატივები, რომლებიც შემუშავდა და განხორციელდა გაზრდილი საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად:
- კონტეინერების სასაწყობე ტერიტორიის გაზრდა როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად;
- ავტოსადგომზე ადგილების დამატება;
- 15%-იანი ფასდაკლების დაწესება ავტოსადგომიდან მანქანების სწრაფად გაყვანის შემთხვევაში;
- ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების სწრაფად და მოქნილად მობილიზების უზრუნველყოფა;
- მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა საპორტო გადაზიდვების ლოგისტიკური ჯაჭვის შემადგენელ თითოეულ რგოლთან, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ საზღვაო ხაზები, საექსპედიტორო კომპანიები, ავტომანქანების დილერები, საბაჟო, უშუალოდ ტვირთმფლობელები და ა.შ.
მიუხედავად აღნიშნული ქმედებებისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველა საწარმოს აქვს გარკვეული შეზღუდვები, რომლის ზღვარზეც დღეს უკვე იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორია.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მთელი გუნდი კვლავაც აგრძელებს თავდაუზოგავად მუშაობას მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოების ჩართულობით და თანამშრომლობით, შედეგი მიღწეულ იქნება“, - ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალსის“ განცხადებაში.