არანაირი ჩანაწერი ჩემი და გიორგი კვირიკაშვილის საუბრის არ არსებობს. პოლიტიკურ თემაზე კვირიკაშვილთან საუბარი არასდროს მქონია,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს კარგად იცნობს, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ მის პოლიტიკურ გეგმებთან კვირიკაშვილს რაიმე საერთო აქვს.
“არაფერი დასამალი არ მაქვს. გიორგიზე ყოველთვის დადებითი აზრის ვიქნები იმიტომ, რომ ის არის ქართველი, წესიერი, პატიოსანი ადამიანი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არასდროს, გადატრიალებული სიტყვაც კი არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენ არასდროს გვქონია პოლიტიკურ თემებზე საუბარი, უბრალოდ, არ მაინტერესებდა ეს თემა. გიორგისთან არასდროს მქონია პოლიტიკურ თემებზე საუბარი, არც ჩვენი გეგმები იცის. ის არის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, წარმატებული იყო თუ არა პრემიერად, ეს სხვამ შეაფასოს. ის პოლიტიკოსი იყო, ვიდრე „ქართუში“ დაიწყებდა მუშაობას. აქ გიორგიზე არ არის საუბარი, აქ საუბარია აბსურდის თეატრზე, რომ თურმე შეიძლება რაღაცაზე მიგაწებონ და შემდეგ უნდა გამოხვიდე და თავი იმართლო. დასამალი არაფერი მაქვს. ჭორაობა უნდა მორჩეს. თუ მექნებოდა რაიმე ჩანაფიქრი გიორგისთან აუცილებლად ვიტყოდი. რისი ფარული ჩანაწერები? ეს არის სისულელე. რომ მე და გიორგი გავედით სადღაც და ვლაპარაკობდით პოლიტიკური პარტია შევქმნათო, როცა კაცი პრემიერ-მინისტრი იყო? მსგავსი საუბრები არ არსებობს, თუ არსებობს მოგვასმენინონ“,- განაცხადა ხაზარაძემ.