ბახტაძე მიდის და ჩვენს პარტნიორ SSA Marine-ს ხვდება სიეტლში ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში არ ვართ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" , ანაკლიის კონსორციუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ინვესტორს, რომელიც სამი წელია საქართველოში შემოვიდა, არც ერთხელ არც ერთი მინისტრი არ შეხვედრია.
„ერთი წელია სახელმწიფო აპარატი გვებრძვის, გვაბრალებს ფულის გათეთრებას და, მეორე მხრივ ამბობს, რომ 650 მილიონს როდის შემოიტანთო? დღესაც აქ არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, უკვე მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს და გუშინ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა კინაღამ გამოაგდო გარეთ ინვესტორები...ერთი ხომ გაგვიქციეს - „კონტი“ . თქვენ წარმოგიდგენიათ ინვესტორი, რომელსაც არც ერთი მინისტრი არ ხვდება? თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი ურთიერთობა? ადამიანი შემოვიდა სამი წელია, 2014 წელს, აიღო პასუხისმგებლობა, 110 წლის კომპანიაა, არც ერთხელ, არც ერთი მინისტრი არ შეხვედრია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა, რომ ბახტაძე მიდის და ჩვენს პარტნიორ SSA Marine-ს ხვდება სიეტლში ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში არ ვართ. ჩვენი ჩამოყვანილი პარტნიორები - ისინი გაოცებულები გვირეკავენ, რომ რა გავაკეთოთო, პრემიერი ჩამოვიდა და თქვენ როგორ არ იცით ამის შესახებო? ეს არის ნორმალური პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის?“,- განაცხადა ხაზარაძემ.