ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდინარე მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები; ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

„ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.