შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის მოდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სამხედრო, პოლიტიკური და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
“გუშინ, პრეზენტაციის დროს, მამუკა ხაზარაძემ ძალიან ბევრი ილაპარაკა ანაკლიის პროექტზე და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა, პირდაპირპროპორციულად, პირდაპირ კავშირშია ანაკლიის პროექტთან, ანუ ის მოდის ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის. თავისი ფორმით და შინაარსით - მე ეს დავინახე. მე ვპასუხობ, ანაკლიის პროექტი, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკურ ნაწილზე რომ არ გელაპარაკოთ, სამხედრო, პოლიტიკური და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვეუბნები ხაზარაძეს, ქვეყანამ უკვე ასეულობით მილიონი დახარჯა ბიუჯეტიდან და შეასრულა თავისი ვალდებულებები - იყიდა მიწები, გზა გაიყვანა, ინფრასტრუქტურა განახორციელა, იმისათვის, რომ ამ კონსორციუმს ჰქონოდა მეტი საშუალება და ეჩვენებინა ინვესტორებისთვის მხარდაჭერა, რომ შემდგომ ამ პროექტის რეალიზება მოეხდინა“, -განაცხადა სესიაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „სასამართლოში საქმეები იმერული ხაჭაპურივით ცხვება“, სესიაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელები 11-ჯერ არის შემცირებული და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვები ამა თუ იმ საქმეზე შეიძლება არსებობდეს, ხაზარაძის ეს შეფასება ბევრი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია.
"ერთგვარ მოდად იქცა საქართველოში, რომ თუ შემოდიხარ პოლიტიკაში და ხდები მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტი, რაც უფრო ცუდად დახატავ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მით უფრო მეტი პოლიტიკური პერსპექტივები გექნება. ჯაფარიძის გუშინდელი განცხადება ყურში მომხვდა - სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დგას. ალბათ, საინტერესო იქნება ახსნას, რანაირად იქნება სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ. ეს არის შემდგარი სახელმწიფო - საქართველო, რომლის რეფორმებით, წარმატებებით და წინსვლით, მართლაც გაოცებულია ევროპა და ნატო-ს წევრი ქვეყნები. რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიმზიდველია, მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ტურისტი გვყავს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთადერთი დაცული ქვეყანა ვართ, მართლმსაჯულების თვალსაზრისით, ერთ-ერთი აღიარებულია საქართველო როგორც ლიდერი რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ არის შემცირებული სარჩელები, ისევე როგორც მოსახლეობას უბრუნდება ნდობა სასამართლოს მიმართ. რა თქმა უნდა, პრეტენზიები და კითხვები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როცა შემოდიან პოლიტიკაში და მაშინვე რადიკალურ პოზიციას იჭერენ, რომ სასამართლოში საქმეები „იმერული ხაჭაპურივით ცხვება“, ცოტა შეურაცმყოფელია ბევრი ადამიანისთვის", - განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ მამუკა ხაზარაძეს ახალგაზრდების ჩართვა სურს პოლიტიკურ საქმიანობაში, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მას ხაზარაძის პოლიტიკური პერსპერქტივების დიდი მოლოდინი არ აქვს.
"თუ ვინმე ამ ქვეყანას სთავაზობს უკეთეს მომავალს და ამის კონკრეტული გზები აქვს, სიამოვნებით მოვისმენ. მივესალმე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს დაეყრდნობა და ხელს შეუწყობს, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ. მე შეიძლება დიდი მოლოდინი არ მქონდეს ხაზარაძის პოლიტიკური პერსპექტივების, მაგრამ თუ ის ახალგაზრდებს ჩართავს, ეს ძალიან მომწონს, რადგან ახალგაზრდების, ახალი თაობის დემოკრატიული ხედვით ჩართვა მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. თუ მის პარტიას არ წაადგება, ქვეყანას ყველა შემთხვევაში წაადგება. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე და ჯაფარიძე ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ხალხია, პოლიტიკას თავისი გამოცდილება სჭირდება. რადიკალიზაციას ჩვენი საზოგადოება აღარ ითხოვს. ახლა ითხოვს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც სურს, რომ ქვეყანაზე და პირადად მასზე აისახოს”, - განაცხადა სესიაშვილმა.