2019 წლის პირველ ნახევარში თბილისში 16 296 ბინა გაიყიდა, რაც ჯამში 1,119, 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ანალიზს ეხება და 2019 წლის 1-ელ ნახევარს მოიცავს.
კვლევის თანახმად, გასული წლის ამავე პერიოდში, თბილისში 16 271 ბინა გაიყიდა, რაც 1, 092, 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამასთან, „თიბისი კაპიტალი“ განმარტავს, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში, ბინების რეალიზაცია ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრად შემცირდა - 16%-ით ფართობის მიხედვით, 14%.-ით ბინების.
აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული ბინების გაყიდვების წილი იზრდება. 2019 წლის 1-ელ ნახევარში ახალი ბინების გაყიდვებმა ფართობში 722,000 კვადრატული მეტრი შეადგინა, ხოლო რაოდენობაში 10 086, რაც ფართობში 5.2%-ით ზრდას, ხოლო რაოდენობაში 5.4%-ით ზრდას უდრის.
ამასთან, წინა წელთან შედარებით, ძველი აშენებული ბინების გაყიდვები ფართობში 2.4%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობაში 7.1%-ით, რაც 6,210 ერთეულ ბინასა და 398,000 კვარდატულ მეტრს მოიცავს.