თანამედროვე სახით ოლიმპიური თამაშები პირველად 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა და მას შემდეგ ღონისძიების მასშტაბები სულ უფრო იზრდება. ოლიმპიური თამაშების წინ მასპინძელი ქვეყანა ცდილობს ააშენოს ახალი სტადიონები, მოაწყოს ინფრასტრუქტურა და მოამზადოს ის დიდი რაოდენობით მონაწილეებისა და ტურისტების მისაღებად.
გამოცემა TravelTrivia ასახელებს მსოფლიოში 3 ყველაზე ძვირადღირებულ სტადიონს, რომლებიც ოლიმპიური თამაშების დროს აშენდა.
პეკინის ეროვნული სტადიონი
პეკინის ეროვნული სტადიონი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. მისი მშენებლობა 2.3 მილიარდი იუანი (327 მილიონი აშშ დოლარი) დაჯდა და 91 000 ადამიანს იტევს. სტადიონზე დღეისათვის არაერთი სხვადასხვა შეჯიბრი იმართება. 2020 წელს პეკინმა ზამთრის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს, რის გამოც შეჯიბრებების დიდი ნაწილი პეკინის ეროვნულ სტადიონში გაიმართება.
ავსტრალიის ოლიმპიური სტადიონი
ავსტრალიის ოლიმპიური სტადიონი 2000 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა და მისი მშენებლობა ავსტრალიის ხელისუფლებას 690 მილიონი ავსტრალიური დოლარი (467 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდა. მოედანი 110 000 ადამიანზეა გათვლილი და მთლიანადაა გადახურული მეტალის კონსტრუქციით, რომლის წონა 4 000 ტონას შეადგენს. დღესდღეობით სტადიონში ფეხბურთის, ამერიკული ფეხბურთის, კრიკეტისა და რაგბის თამაშები იმართება.
ლონდონის ოლიმპიური სტადიონი
სიის პირველ ადგილს ლონდონის ოლიმპიური სტადიონი იკავებს, რომელიც 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მისი მშენებლობისთვის 486 მილიონი გირვანქა სტერლინგი (587 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხადა. მასში ერთდროულად 66 000 ადამიანი ეტევა, რითაც ის ავსტრალიის ეროვნულ სტადიონს ჩამოუვარდება. ლონდონის ეროვნული სტადიონი განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შენობად მიიჩნევა.