აშშ და ბრაზილია ამაზონის დასაცავად 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ

აშშ და ბრაზილია ამაზონში კერძო სექტორის განვითარების საკითხებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ ერნესტო არაუჟოს შორის ვაშინგტონში პარასკევს შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ამაზონის ტროპიკული ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადეს.

სახელმწიფო მდივანის განცხადებით, ბიომრავალფეროვნების საინვესტიციო ფონდი, რომელსაც კერძო სექტორი უხელმძღვანელებს, ამაზონში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ფონდი 11 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს მიიღებს. მისი მიზანი ბიზნესისთვის ხელშეწყობა და ამაზონის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება იქნება“, - განაცხადა დასძინა მაიკლ პომპეომ.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საუბარი იმის შესახებ, რომ ბრაზილიას ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით არ შეუძლია, სიცრუეა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ეკონომიკური განვითარება მისი დაცვის ერთადერთი გზაა.

შეგახსენებთ, რომ წელს ამაზონში 80,000-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, რამაც „პლანეტის ფილტვებად“ წოდებულ ტროპიკულ ტყეებს დიდი ზიანი მიაყენა.