სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას მთავრობის N121 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციით მიმართავს. კერძოდ, როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის N121 დადგენილება, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“, არ იძლევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომანქანების შეძენის შესაძლებლობას.
„ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სატრანსპორტო სისტემების ხელშეწყობის მიზნით, გადაიხედოს მთავრობის N121 დადგენილება და შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ალტერნატიულ ენერგიაზე (მაგალითად: ჰიბრიდული და ელექტრო სისტემის მქონე) მომუშავე ავტომობილების შესყიდვას“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პრობლემაა ავტომობილების შესყიდვისას ტექნიკური მოთხოვნების დაუცველობა.