საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანებიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, ამ მომენტამდე საქართველოს და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ხორციელდებოდა. ახალ პირდაპირ რეისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე მიხეილ იაშვილი და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო დახვდნენ.
ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა შორის უმეტესობა დანიის მოქალაქეები იყვნენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.
,,დღეს შესრულდა პირველი პირდაპირი რეისი კოპენჰაგენიდან საქართველოს მიმართულებით. საერთო ჯამში კი სექტემბერში ქუთაისის აეროპორტიდან 7 ახალი ევროპული მიმართულება ემატება. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან და პირიქით, ევროპის მიმართულებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ეს არის სერიოზული ბიძგი ჩვენი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით იმერეთის მხარისთვის. რადგან ისტორიულად ამ რაოდენობის ტურისტები ამ აეროპორტს არ ახსოვს",- განაცხადა მიხეილ იაშვილმა.
10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარის, ტალინსა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში WIZZ AIR-ის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.
,,საქართველო, კერძოდ ქუთაისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი მიმართულებების დამატებას. სექტემბერში Wizz air ქუთაისიდან 7 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. მომავალ წელს თქვენს აეროპორტში ჩვენი საჰაერო ხომალდრების რიცხვს კიდევ გავზრდით. ვფიქრობთ, ამ 7 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ქუთაისში ოპერირება დავიწყეთ, ჩვენი საშუალებით ქვეყანაში ბევრი ტურისტი ჩამოვიდა და ასევე, საქართველოს უამრავ მოქალაქეს გაეხსნა პირდაპირი გზა ევროპისკენ",- განაცხადა ანდრაშ რადომ.
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზეარის „მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, „ვიზეარი“ ბაზრის ლიდერი გახდა.