დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.

პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:

მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს და თბილისის ეროვნულ პარკს.

2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 7 836 484 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია დახარჯული.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას აქტიურად განაგრძობს. მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი კი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.