დარიალის ხეობაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

პრემიერის განმარტებით, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგანგებო შტაბს და ყველა უწყებას, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დარიალის ხეობაში საავტომობილო გზა გაიხსნა. ავტომობილები გადაადგილებას დღის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლებენ, ხოლო 18:00-დან 07:00 საათამდე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები დაწესდება.