დანიაში მილიონი ხის დარგვას აპირებენ. The Guardians-ის ინფორმაციით დანიაში გაიმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც მილიონი ხის დასარგავად თანხის შეგროვებაა დაგეგმილი. ღონისძიების სახელწოდება „დანია ხეებს რგავს“ იქნება და ეროვნული ტელეკომპანიის „TV2”-ის პირდაპირ ეთერში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
იდეის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქვეყანაში ნახშირორჟანგის დონის შემცირება და კლიმატურ პრობლემებთან გამკლავებაა. ღონისძიება კოპენჰაგენთან ახლოს, ტყეში გაიმართება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი კამპანიის ფარგლებში პირველ ხეს დარგავს.
საერთო ჯამში ისინი 20 მილიონი კრონის (2.6 მილიონი ევრო) შეგროვებას გეგმავენ, რომლის 10%-საც ტროპიკული ტყეების გადასარჩენად ველური ბუნების დაცვის ფონდს (WWF) გადაურიცხავენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ კამპანიით კლიმატის ცვლილების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ პლანეტის გადარჩენაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც გაიმეორებენ ჩვენს მაგალითს“- განაცხადა TV2-ის რედაქტორმა ნიკოლაი ჰანსონმა.