პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პარკირებასთან დაკავშირებით უკანონო პრაქტიკა დამკვიდრდა, როდესაც ადმინისტრაცია ავტომანქანის მესაკუთრეებს არასათანადო წესით უგზავნის შეტყობინებას დაჯარიმების შესახებ.
„იმის გამო, რომ ადრესატი ვერ ახერხებს შეტყობინების ჩაბარებას, ხდება საურავის დაკისრება და სხვა ადმინისტრაციული ზომების გამოყენება, როგორიცაა ავტომობილის ჩამორთმევა, ანგარიშების დაყადაღება და სხვა.
„თავისუფალი საქართველოს“ იურისტები მოქალაქეებს ადმინისტრაციულ დავაში უფასო კონსულტაციას და დახმარებას ჰპირდებიან. ამჟამად „თავისუფალ საქართველოს“ რამდენიმე ათეული მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების საქმე აქვს გასაჩივრებული თბილისის მერიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.