ბიზნეს ასოციაცია შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
მათი ცნობით, ცვლილებები საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესგარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას.
წარმოდგენილი ცვლილებების არსებული ვერსია, რომელთა გაცნობის საშუალებაც ბიზნესს ჰქონდა, ბევრ კომპონენტში თავად ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებსა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი ერიდებიან მსგავსი ფორმით დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში შეჭრას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინტერვენცია ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს წინასწარი ეკონომიკური ანალიზისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ისევე როგორც მსგავსი ანალიზის არარსებობა ხელს უშლის ცვლილებების მოსალოდნელი, მძიმე შედეგების სრულად გააზრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაუშვან გაუაზრებელი და გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა შედეგები მძიმედ აისახება არა მხოლოდ ბიზნესისა და დასაქმებულების ფინანსურ და უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე,“-აღნიშნულია განცხადებაში.