NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 47% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების ფასს ასახელებს. კვლევის ნაწილში, სადაც საუბარი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზეა, კითხვაზე: „თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა“, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 47% წამლების საფასურს ასახელებს, 24% ყველაზე დიდ პრობლემად ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას აღიქვამს, ხოლო 14% - სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასურს.
დანარჩენ გამოწვევებად სახელდება წამლების დაბალი ხარისხი (გამოკითხულთა 5%), ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში (3%), საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი (1%), საავადმყოფოების სიმცირე (1%), და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში (1%). გამოკითხული მოსახლეობის 4%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე: „საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ჯანდაცვის ხარისხით საქართველოში“, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია, 58% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 9% უკმაყოფილოა. 3%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ დასმულ კითხვას: „გასული წლის განმავლობაში, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა სამედიცინო მკურნალობა, იმიტომ, რომ არ გქონდათ ამის ფინანსური შესაძლებლობა“, გამოკითხულთა 54% დადებითად პასუხობს, 45% - უარყოფითად, 1%-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, „გასული წლის განმავლობაში, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს წამალი გჭირდებოდათ, მაგრამ არ გქონდათ შეძენის ფინანსური შესაძლებლობა“, გამოკითხულთა 50%-მა დადებით პასუხი გასცა, 49%-მა - უარყოფითი, ხოლო 1%-მა პასუხი არ იცის.
დაწესებულებების მისაწვდომობასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 90% დადებითად პასუხობს კითხვაზე „თქვენი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის თუ არა რაიმე სამედიცინო დაწესებულება (კლინიკა, საავადმყოფო, ამბულატორია)“, 8%-ის პასუხი ამავე კითხვაზე უარყოფითია, ხოლო 1%-მა არ იცის.
კითხვაზე „თუ დიახ, რამდენად ენდობით ან არ ენდობით, რომ ეს დაწესებულება გაგიწევთ საჭირო სამედიცინო მომსახურებას“, გამოკითხულთა (90%-დან, ვისი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის სამედიცინო დაწესებულება) 26% აცხადებს, რომ სრულიად ენდობა, 54% - ნაწილობრივ ენდობა, 9% ნაწილობრივ არ ენდობა, ხოლო 8% - საერთოდ არ ენდობა.