"ოქტომბერ-ნოემბერში ლარის მასშტაბურ რყევას უნდა ველოდოთ"

სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში კიდევ უნდა ველოდოთ ლარის მასშტაბურ რყევას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ ყველა დამოუკიდებელი კვლევა ლარის მოსალოდნელ გაუფასურებაზე მიანიშნებს.

„ვუსმენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსვლებს და შოკირებული ვარ იმ პათოსით, რომელიც მათგან მოდის, თითქოს ეს ადამიანები არ შედიან ან მაღაზიაში, ან აფთიაქში, ან არ დადიან ქუჩაში და არ უსმენენ ჩვენი მოქალაქეების აზრს, რომელიც ძალიან მკაფიოდ გვითხრა დღეს კიდევ ერთხელ NDI-ის გამოკითხვამ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების 63% ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს როგორც ცუდს და საგანგაშოს, როცა ჩვენი მოქალაქეების ნახევარზე მეტს უჭირს კომუნალური გადასახადების გადახდა. უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიის, ხელფასების სიმცირე - ეს არის ის პრობლემები, რომელიც არათუ ვერ დაძლია „ქართულმა ოცნებამ“, არამედ გააუარესა 7 წლის განმავლობაში და ამის მკაფიო ინდიკატორი არის ქართული ეკონომიკის ბარომეტრის ლარის მდგომარეობა, რომელიც თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ისეთი პროგნოზია ინვესტიციების, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, რომ 2019 წელს 30%-ით ნაკლები იქნება 2018 წელთან შედარებით და სავალალო იყო 2018 წელი, სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში კიდევ უნდა ველოდოთ ლარის მასშტაბურ რყევას. ყველა დამოუკიდებელი კვლევა ამაზე მიანიშნებს,“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო წლების მანძილზე გაიზარდა საგარეო ვალიც და 2019 წელს ყოველი ახალშობილი 5 200 ლარის ოდენობით ვალით იბადება.

„გამომსვლელები „ქართული ოცნებიდან“ საუბრობდნენ, როგორ გაიზარდა ბიუჯეტი ამა თუ იმ მიმართულებით, სწორედ არასწორად გახარჯული ბიუჯეტი, უყაირათოდ გაფლანგული თანხები და კორუფციაა მიზეზი ამ საშინელი გაჭირვებისა და როცა თანხებზე ვსაუბრობთ, ყველაზე სავალალო არის, თუ რამდენი ვალით იბადება დღეს ახალშობილი. რომ არ წავიდეთ დიდ ისტორიაში 2014 წელს, როცა აღწერა ჩატარდა, იმ პერდიოდის მონაცემი რომ ავიღოთ და საგარეო ვალი, ყოველი ახალშობილი ამ ქვეყანაში იბადებოდა 2 630 ლარის ვალით და 5 წლის თავზე, 2019 წელს, თქვენსავე პერიოდს რომ შევადაროთ, ყოველი ახალშობილი იბადება 5 200 ლარის ვალით. 2-ჯერ გაიზარდა მარტო საგარეო ვალი.

ფასებზე გეტყვით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებს. მაგალითად, ანტიბიოტიკები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ყიდულობს, ბოლო 6 წლის განმავლობაში 68%-ით არის გაზრდილი, 1 წლის განმავლობაში 11%-ით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.